ახალი ამბები
აქტივისტების ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენგურის ხიდზე ელოდებოდა
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი, "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენგურის ხიდზე ელოდებოდა. მათ სწორედ საოკუპაციო ხაზთან გაიგეს ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველომ რუსეთს 8 აგვისტოს ომის საქმეზე სასამართლო დავა მოუგო. ამასთან, ახალგაზრდებმა ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ: "რუსეთი ოკუპანტია", "სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა" და სხვ.

"გილოცავთ ყველას ამ გადაწყვეტილებას. ეს მოსპობს თვითაღიარებას და აღიარებასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს და გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს. ჩვენ საბოლოო გამარჯვებას აფხაზეთში და სამაჩაბლოში აუცილებლად ვიზეიმებთ", - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა ალიკა კუპრავამ.

ინფორმაციისთვის, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება.


Print