რეგიონი
ანაკლიაში აქტივისტებმა პორტის პროექტის გაჩერება გააპროტესტეს
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც ზუგდიდში, გუბერნიის წინ კარავი აქვთ გაშლილი აქცია ამჯერად ანაკლიაში, პორტის შესასვლელთან გამართეს. მათ ეჭირათ ტრანსპარანტები "პუტინი საქართველოს მტერია", "რუსეთი ოკუპანტია". როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ქართული ოცნებისთვის" არ იყო წარმატების მომტანი, რადგან ეს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებაა.

"დღეს სიმბოლურად მოვედით, ანაკლია ის პროექტია, რომელიც შეჩერდა რუსეთის დავალებით და ძალიან კარგად, ნათლად ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას, ხელისუფლებამ ვერ მიაღწია წარმატებას სტრასბურგის სასამართლოში და ამას ვკითხულობთ მათ სახეებზე, როგორ ჩამოსტირით სახეები, ეს არის ის დავალება, რაც მათ რუსეთს ვერ შეუსრულეს, ამიტომ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი და ჩვენი ბრძოლით უნდა მივაღწიოთ იმასაც, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს და ყველა სხვა პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საშვილიშვილოდ მნიშვნელოვანია", - თქვა აქციის მონაწილე ირაკლი კვარაცხელიამ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან სანამ ყველა შეწყვეტილი პროექტი არ განახლდება.
Print