ახალი ამბები
ჭალეში ოჯახმა, რომლის ეზოში ელექტროგადამცემი სადენები უნდა გაატარონ, სახლი დატოვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში აქუბარდიების ოჯახმა, რომლის ეზოშიც სახელმწიფო ელექტროსისტემამ სამუშაოები დაიწყო, სახლი დატოვა. აქუბარდიები და მათ მსგავსად კიდევ სამი ოჯახი სახელმწიფო ელექტროსისტემას ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. კომპანიამ აქუბარდიების სახლის ეზოში მუშაობა ელექტროგადამცემი ხაზების გასაჭიმად დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

"კომპანია მოვიდა ხელშეკრულებით, გამოაგზავნეს თავიანი აუდიტი, დაიანგარიშეს, ხელშეკრულებაზე ხელი მომაწერინეს ახლა კომპენსაციის გადახდის უარზე არიან. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. პოლიციის ძალით გაგვაგდეს სახლიდან. მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია აქაა, ბორკილების დადებით გვემუქრებიან, ხმის ამოღების უფლება არ გვაქვს. მივდივართ, მაგრამ სად მივდივართ, არ ვიცი. გადამიჩეხეს მთლიანად ეზო, თხილის პლანტაცია, რითაც წლიდან წლამდე თავი გაგვქონდა. მომცენ კომპენსაცია, რაზეც ხელი მომაწერინეს, იმის თანხა მაინც მომცენ", - ამბობს ჭალეში მცხოვრები ლიკა აქუბარდია.

თავის მხრივ, ადგილზე იმყოფებოდა სახელმწიფო ელექტროსისტემის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც, რომელიც ამტკიცებს, რომ აღნიშნული რამდენიმე ოჯახი შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდება, კომპანია კი მზად არის, რომ მათ სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაცია გადაუხადოს.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროსადგურების შორის ხაზების გაბმას. აღნიშნული პროექტი მოიცავს ასეულობით ოჯახის მიწის ნაკვეთს, რომელთა უმრავლესობასთან, 99%-თან გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები და მიმდინარეობს კომპენსაციების გაცემა. დარჩენილია 4 ოჯახი, რომელმაც უარი განაცხადაკომპენსაციის იმ თანხაზე, რაც იყო შეთავაზებული და შესაბამისად, არ გვაძლევენ საშუალებას აღნიშნული გზით ვისარგებლოთ. აქედან გამომდინარე, კომპანიას მოუხდა სამართლისთვის მიმართვა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი მიჭირავს ხელში, გვეძლევა შესაძლებლობას აღნიშნული ტერიტორია გამოვიყენოთ. რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, კომპანია აღიარებს იმას, რომ მოსახლეობას კომპენსაციები ეკუთვნის და ამიტომაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათთან, თუმცა შეთავაზებული თანხა მათთვის არ არის საკმარისი. მათ აქვთ უფლება გვედაონ სასამართლოს გზით, სასამართლო რა თანხასაც დაასახელებს, სრულად აანაზღაურებს კომპანია. გარდა ამისა, ამ სამუშაოების წარმოების შედეგად, რა ხე-მცენარეც  დაზიანდება, იქნება ანაზღაურებული", - აღნიშნა ლევან მჭედელაძემ.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა/ შპს "ენერგოტრანსი" ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში, ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში არეალში მოქცეულმა ოჯახებმა კომპენსაციები მიიღეს, მანამდე კი მოსახლეობამ აღნიშნულთან დაკავშირებით აქცია არაერთხელ გამართა.




Print