ახალი ამბები
რატომ გაიყო ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი ააიპ ორად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე“, მერიის ინიციატივით, ორ ააიპ-ად გაიყო. გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაუჭირეს მხარი. შედეგად, აღნიშნულ ააიპ-ს საგუნდო, სამხატვრო და სამუსიკო სკოლები გამოეყო და „სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“ შეიქმნა.

რადიო „ათინათი“ ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი. მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება დაკვირვებისა და ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე გაიყოფა სახელოვნებო სკოლად, რომელიც იქნება უფრო აკადემიური და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლედ, რომელიც იქნება შემეცნებითი. ეს იქნება მეტად ეფექტური და მორგებული სტრუქტურა. ზუგდიდში ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი თვალსაჩინო და წარმატებული მიმართულება, რომლის განვითარებასაც მუნიციპალიტეტი მხარს მუდმივად დაუჭერს. ააიპ არსებული რესურსის ეფექტიანი განაწილების გზით გაიყო“,- თქვეს მერიის პრესსამსახურში.

ასევე, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ახალი ააიპ-ისთვის დამატებით ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, სამუშაო პროცესში, როგორც მერიაში განმარტავენ, არ არის გამორიცხული, რომ თანხების გამოყოფა გახდეს საჭირო.


Print