ახალი ამბები
ზუგდიდის I და III სკოლები სწავლას დისტანციურად მარტამდე გააგრძელებენ - რესურსცენტრი
ზუგდიდის პირველ და მესამე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 1 მარტამდე დისტანციურად გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, რომელთა დასრულებაც 1-ელ თებერვლამდე ვერ მოესწრო. გამონაკლისი მხოლოდ I სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები იქნება, რომლებიც სწავლას საკლასო ოთახებში, მეოთხე სკოლის შენობაში გააგრძელებენ. 

"მესამე საჯარო სკოლა საკლასო ოთახებში დასწრებითი ფორმით 1 მარტიდან განაახლებს მუშაობას, მანამდე კი დისტანციურად გაგრძელდება სწავლა. ხოლო რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, პირველი კლასის მოსწავლეები ივლიან მეოთხე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში. 2-12 კლასები კი ჯერჯერობით ონლაინ ისწავლიან", - აღნიშნა მამუკა ბულიამ. 

აკაკი წერეთლის სახელობის პირველი და ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. დაგეგმილია შიდა და გარე სივრცეების რემონტი, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობა და შენობების შშმ პირთათვის ადაპტირება.
Print