ახალი ამბები
სერგეი შამბა ენგურზე ვაჭრობის დაკანონებაზე: საქართველოდან საქონელი პანდემიის დროსაც შემოდის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების საბჭოს" მდივანი "საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების" აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან აფხაზურ ტელევიზიას განუცხადა. შამბას მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ პროცესის ლეგალიზება, რომ მოგება არა ცალკეულმა პირებმა , არამედ, ხაზინამ მიიღოს.

"ბევრჯერ მითქვამს, მოდით შევთანხმდეთ და დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები, დავაკანონოთ ეს პროცესი. წლებია საზღვარზე ყველაფერი გადმოაქვთ - ტვირთებსა და საქონელს ვგულისხმობ, თუმცა სახელმწიფო ხაზინაში არაფერი შედის, თუმცა გარკვეულ მოღვაწეებს აწყობთ ასეთი რეჟიმი, ისინი იღებენ მოგებას, ამიტომ, პირველ რიგში ისინი გამოდიან საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების წინააღმდეგ", - აღნიშნა შამბამ. 

მისი თქმით, სიტუაცია, არც ახლა შეცვლილა როდესაც პანდემიის გამო საზღვარი ფაქტიურად დაკეტილია.

"შეხედეთ, როგორი საქონელი შემოდის საქართველოდან ჩვენს ბაზარზე, განსაკუთრებით სასურსათო. ეს ხომ აშკარაა. ასე რომ, აქ ერთადერთი გამოსავალი არსებობს - დაკანონდეს ეს სავაჭრო ურთიერთობა. ვიცი, რომ ჩემი აზრი ახლაც არ მოეწონებათ. თუმცა, მინდა, რომ ადამიანებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ამას ზოგიერთები? იმიტომ, რომ აშკარაა, ისინი ძალიან არიან იმაში დაინტერესებულები, რომ ეს ფული ხაზინის გვერდის ავლით შემოდიოდეს. რა არის ხაზინა? ეს ხალხის საფულეა და მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ფული ხაზინაში შედიოდეს და არა სხვაგან, ისევე, როგორც ეს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში ხდება", - განცხადა შამბამ.

სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სავაჭრო  თანამშრომლობის დაკანონებაზე სერგეი შამბამ გასული წლის ზაფხულშიც განაცხადა. ის ამბობდა, რომ "საქართველოდან შემოსული საქონლის ლეგალიზება უნდა მოხდეს".



Print