ახალი ამბები
დღეიდან ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა გადახდის ელექტრონულ სისტემაზე - გეგა შენგელია
ზუგდიდში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავტობუსში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, დაცული იქნება დისტანცია. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, დღეიდან მგზავრები ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემით ისარგებლებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ისარგებლებენ ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტობუსებით. ასევე, სიახლე გვაქვს, მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა ელექტრონულ გადახდის სისტემაზე, რაც მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთის. ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გადავიდა გადახდის ელექტრონულ სისტემაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია კორონავირუსის საპრევენციოდ, რადგან მგზავრებს ფულთან შეხება არ ექნებათ",- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მისივე თქმით, გათვალისწინებული იქნება რეგულაციები, ავტობუსებში მაქსიმალურად დაცული იქნება სოციალური დისტანცია და გაკონტროლდება პირბადის ტარება. 

მერიის ინფორმაციით, შეღავათით ისარგებლებენ: მოსწავლეები, სტუდენტები, უფასო სასადილოს ბენეფიციარები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ასევე, საპატიო ზუგდიდელები.

ზუგდიდის ავტოპარკი 20 ახალი ავტობუსით განახლდა, ხოლო უახლოეს დღეებში 5 ავტობუსი დაემატება. ტრანსპორტი მოემსახურება როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებსაც.

მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.

მოსაცდელებზე დამონტაჟდება ელექტროტაბლოები. ასევე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა ხუთი სენსორული მონიტორი, რომელის საშუალებითაც მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც ავტობუსების განრიგის შესახებ, ისე მუნიციპალურ პროექტებზე. ამავდროულად, რუხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს, - ამბობენ მერიაში.


Print