ახალი ამბები
აფხაზეთში შიშობენ, რომ მიმოზის ადრე ყვავილობის გამო, "ყვითელი სეზონი" ჩავარდება
აფხაზეთში მიმოზა დროზე ადრე აყვავილდა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გაყიდვის სეზონი მარტის პირველ რიცხვებში იწყება, ადგილობრივი მეწარმეები შიშობენ, რომ ის მანამდე დაასრულებს ყვავილობას და რუსეთში საქონლის "ექსპორტს" ვერ განახორციელებენ, წერს "აიაირა" .

სოფლის მეურნეობის გულრიფშის რაიონის სამმართველოს უფროსი რაფიკ გრიოგორიანი ამბობს, რომ მიმოზის ნაადრევი ყვავილობის გამო, შესაძლოა ადგილობრივ გლეხებსა და მეწარმეებს ზარალი მიადგეს. თუმცა, მისი დაკვირვებით, ჯერჯერობით, აფხაზეთში მხოლოდ ცალკეული, ადრეული ჯიშის მიმოზა ყვავის და მასობრივი ყვავილობა არ შეიმჩნევა.

ადგილობრივი მეწარმეების თქმით, გადამყიდველები უკვე ინტერესდებიან საქონლით, თუმცა, მიმოზის გასატანად, ისინი, ჩვეულებრივ, მარტის პირველ რიცხვებში ჩამოდიან ხოლმე. მათივე ვარაუდით, მიმოზის ფასი წელს მაინც მაღალი იქნება.

"ვფიქრობ, წელს გაძვირდება მიმოზა, გავიგე, რომ სოჭში ბევრს დაეწვა ხე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, წელსაც გავყიდით მიმოზას, ისევე როგორც გასულ წელს, ყველაზე დიდი, 10 რუბლით გაიაფდეს", - ამბობს გულრიფშში მცხოვრები მეწარმე ვლადიმირი.

მისი თქმით, გასულ წელსაც თბილი ზამთარი იყო და მიმოზა უკვე იანვარში აყვავილდა. 1 კილოგრამი ყვავილის ფასი კი 80 რუბლი იყო.

Print