ახალი ამბები
მერიაში იმიტომ წამოვიყვანე ბავშვები, რომ უნდა გამოვიდნენ მერები და ცნობილი ადამიანები - ქალი რომელმაც მოსწავლეებს ტუალეტი დაასუფთავებინა
ჩხოროწყუს მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც გასულ კვირას მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინა მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. მას ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. როგორც ეთერ ჯაფარიძე ამბობს, მან სკოლის დირექციას ბავშვების "შაბათობაზე" წასაყვანად თვითნებურად მიმართა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს დანაშაული არ არის. 

"წამოვიყვანე ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდეს, ასეთი საქმე არ ითაკილონ. წამოვედით, ეს დავახვედრე გაპრიალებული. "ბრიგადირი" მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე, ამის არ მრცხვენია. ერთ-ერთმა ბავშვმა ჩაწერა ვიდეო, რომელიც "დაქოქილია", იმის მიერ ვინც დაინტერესებულია სკოლის დირექტორობით. ვითამაშეთ ფაქტობრივად", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, ჩხოროწყუს მერიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დილიდან აქციას მართავენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ. 

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია 150-ე მუხლით იძიებს. 

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მოწმის სახით რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაცმობის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მონაწილე პირი მკაცრად დაისჯება.


Print