ახალი ამბები
სოხუმში პუტინის მხარდამჭერი შტაბი დააფუძნეს
სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი შტაბი ამოქმედდა. რამდნიმე პრორუსული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული შტაბის პრესრელიზში ნათქვამია, რომ შტაბი სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულებების, თუმცა საერთო სამოქალაქო პოზიციისა და იდეის მქონე ადამიანებს აერთიანებს "რუსეთის პრეზიდენტის, რუსეთსა და აფხაზეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტის, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის გარშემო".

"მიმდინარე საერთაშორისო ვითარება და აშშ-ს უხეში ჩარევა რუსეთის შიდა საქმეებში, ასევე, ღია მხარდაჭერა პროდასავლელი "ოპოზიციონერის" ნავალნის მიმართ, რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესასუსტებლად, გვავალდებულებს ჩვენ, აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებს ვიყოთ კონსოლიდირებული. ვაშინგტონი, მათი პროამერიკელი და NAთO-ს ვირთხები საქართველოში რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე ოცნებობენ. მათ სჭირდებათ ქაოსი და დესტაბილიზაცია რუსეთში და ამერიკის "მარიონეტის" შემოსვლა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძლიერი რუსეთის დასამხობად და ჩვენი აფსნის დასაპყრობად. ასევე, სურთ, რომ რუსეთმა უარი თქვას ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაზე და გაიყვანოს გაიყვანოს ჯარი რესპუბლიკიდან ", – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

შტაბის პრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობაც დაფუძნდება, რომელსაც საზოგადოებრივი მიმღები ექნება.


Print