ახალი ამბები
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა
ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს საქართველო რამსარის საიტების გაზრდილი რიცხვით ხვდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიას ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეუერთდა, რის შედეგადაც, ჩვენი ქვეყნიდან, ამ სტატუსს უკვე 3 დაცული ტერიტორია ატარებს: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები.

„UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე, საქართველოში პირველად, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ პარკებთან ერთად, სწორედ კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები არიან წარდგენილი“, - ამბობენ სააგენტოში.

2021 წელს, მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დღის თემაა „ჭარბტენიანი ტერიტორიები და წყალი", რაც ხაზს უსვამს ჭარბტენიანი ტერიტორიების როლს მტკნარი წყლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში.

ინფორმაციისთვის, 1971 წელს, ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა კონვენციას “საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ”. 1997 წლიდან კი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მისი მნიშვნელოვნების შესახებ.

Print