რეგიონი
"არუაა": გამოდის, რომ სერგეი შამბა მზადაა დაიწყოს ქართული პროგრამის განხორციელება
აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა" "საქართველოსთან სავაჭრო თანამშრომლობის" სერგეი შამბას წინადადებას გამოეხმაურა. ისინი აცხადებენ, რომ ეს მიუღებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ინიციატივას ცალმხრივი ხასიათი აქვს და საქართველო არაფრის ხელმოწერას არ აპირებს ოფიციალურად.

ამავე დროს,  "საქართველოსთან საზღვარზე კონტრაბანდული საქონლის" გადმოტანის აღკვეთის ნაცვლად, "უშიშროების საბჭოს მდივანი" ფაქტიურად "კონტრაბანდის ლეგალიზებას" სთავაზობს მათ და როგორც ყოველთვის, ხაზინას დიდ შემოსულობებს ჰპირდება.

"ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ომის შედეგების გადახედვას გამოიწვევს!" - ნათქვამია "არუაას" განცხადებაში. მათი თქმით, კონტრაბანდა ფსოუს გამშვები პუნქტის გავლითაც შემოდის და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, არსებობს თუ არა სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის.

"ამავე დროს, საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთთან მიმართებაში მიღებული სამოქმედო პროგრამის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" თანახმად, ნათქვამია, რომ საქართველო შეეცდება "გააფართოოს და გაამარტივოს ვაჭრობა გამყოფი ხაზის გასწვრივ". გამოდის, რომ სერგეი შამბა მზადაა დაიწყოს ქართული პროგრამის განხორციელება", - აღნიშნავენ ისინი.

მათი განცხადებით, "ხელისუფლება" იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის მიერ 2009 წელს გაცემული განკარგულება“ საქართველოსთან ვაჭრობის აკრძალვის შესახებ" და ებრძოლოს კონტრაბანდას, აპირებს ცალმხრივი ვაჭრობის დაწყებას "მტრის სახელმწიფოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ქართული საქონლისთვის საბაჟო საზღვრების გახსნას".

"არუაას" წევრები თვლიან, რომ როგორც კი "აფხაზეთში შევა ქართული საქონელი მარკირებით - "დამზადებულია საქართველოში, ფაქტიურად, ეს ყველფერი ჩაჯდება "საქართველოს დიდ პროგრამაში", აღიარების გარეშე ჩართულობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება კი თავის მხრივ, გამოიწვევს "საქართველოს მიერ აფხაზეთის სავაჭრო ექსპანსიას".

ჩვენი ხელისუფლებისგან ასეთი საჩუქრის მიღების შემთხვევაში, „საქართველო მიაღწევს თავის მიზანს და დაიწყებს დემპინგის პოლიტიკას, ჩვენი ბაზრიდან რუსული საქონლის განდევნის მიზნით“, - ამტკიცებენ „არუააში“.

ისინი მოუწოდებენ სერგეი შამბას შეწყვიტოს აღნიშნული საკითხის ლობირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტერანთა ორგანიზაცია მის გადადგომას მოითხოვს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ, ცოტა ხნის წინ, აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში "საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების" აუცილებლობაზე ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ პროცესის ლეგალიზება მოხდეს, რომ მოგება არა "ცალკეულმა პირებმა , არამედ, ხაზინამ მიიღოს". სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სავაჭრო თანამშრომლობის დაკანონებაზე სერგეი შამბამ, უფრო ადრე, გასული წლის ზაფხულშიც განაცხადა.

Print