რეგიონი
ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიაში შეჭრა სცადეს
ჩხოროწყუს მერიის შენობის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრა მას შემდეგ სცადეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიცემული დრო ამოიწურა. მათ მერთან, დავით გოგუასთან სურთ შეხვედრა. მოთხოვნა კი უცვლელია, დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში წვლილი მიუძღვის.

ამ დროისთვის, ვითარება ოდნავ განიმუხტა. მერიის შესასვლელთან პოლიციელები არიან მობილიზებულები,  ისინი აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ინფორმაციისთვის, დილიდან ჩხოროწყუში სამოქალაქო აქტივისტები და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.
Print