ახალი ამბები
იაპონიის მთავრობა ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხს განიხილავს - იაპონიის საელჩო
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა აცხადებს, რომ იაპონიისთვის საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველო ასრულებს დერეფნის როლს არა მარტო ენერგიის, არამედ საქონლის გადაზიდვის თვალსაზრისითაც. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების "დილის საუბრებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ელჩის განცხადებით, დერეფნის ფუნქციის ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მხრივ საქართველოს ხელშესაწყობად 2019 წელს ევროკავშირი და იაპონია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. იმამურა აკირა საქართველოს ინფრასტრუტურის განვითარებაში დახმარების კონკრეტულ მაგალითებზე საუბრისას ასახელებს ანაკლიის პორტის პროექტსაც. 

"ამ [ინფრასტრუქტურის] მიმართულებით განვახორციელეთ ორი მხარდაჭერა. ერთი, რომელიც უკვე განხორციელდა, არის აღმოსავლეთის გზის გაუმჯობესება და მეორე, რასაც იაპონიის მთავრობა განიხილავს, არის სამომავლოდ ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხი", - აღნიშნა მან.

კითხვაზე - რა იმედი აქვს ანაკლიის პროექტის განხორციელების, როცა მასზე სერიოზული კითხვებია, იმამურა აკირამ განაცხადა:

"იაპონიის მთავრობამ შეისწავლა ანაკლიის პორტის საკითხი და იყო ასეთი თვალსაზრისი, რომ ინვესტიციის განსახორციელებლად საჭიროა გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინვესტიცია გადაზიდვების გასაუმჯობესებლად, თუ არა და, ანაკლიის პორტში ინვესტიციას ისეთი მნიშვნელობა აღარ ექნება", - ამბობს ელჩი.

მისი თქმით, ყველამ უნდა შეაჯეროს ძალისხმევა, რომ "განხორციელდეს ინვესტიციები როგორც პორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე გაძლიერდეს და გაიზარდოს გადაზიდვები ამ პორტიდან.

"სხვადასხვა მიმართულებით უნდა მოხდეს ინვესტირება იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საბოლოოდ განხორციელდეს", - აცხადებს იამამურა აკირა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს "ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, 2020 წლის 9 იანვარს საბოლოოდ გაწყვიტა.



Print