ახალი ამბები
სასტუმრო „ოდიშის“ შენობა კიდევ უფრო გაიაფდა - კამათი საკრებულოს სხდომაზე
ზუგდიდში, სასტუმრო „ოდიშის“ შენობას აუქციონზე მესამედ გაიტანენ. ამჯერად მისი ღირებულება  500 000 ლარით ნაკლები იქნება. ქონების საწყისი ფასი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა არ იცვლება საინვესტიციო ვალდებულებები. საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ქონების ფასი იაფია და რამდენიმე წელიწადში მისი საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ზუგდიდში სულ რამდენიმე ბიზნესმენია, რომელსაც ამ შენობის ყიდვა შეუძლია და ხომ შეიძლება ეს ადამიანები შეთანხმდნენ და სპეციალურად არ ყიდულობენ ფასის დასაგდებად. მე მიმაჩნია, რომ ეს ფასი ისედაც ძალიან იაფია და არ უნდა დავაკლოთ. გამოდის, რომ ქალაქის ცენტრში 1კვ/მ ფართი 275 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც ამ შენობის პირველი სართულის 1 კვ/მ ფასი, როგორც აქ ახლა ითქვა, 2000 დოლარია. ჩემი შინაგანი რწმენით მუნიციპალიტეტის ეს ქონება ახლა არ უნდა გაიყიდოს“, - თქვა სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ფაცაციამ.

დეპუტატის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ 2 მილიონი ლარი მისი საბაზრო ღირებულებაა და ქონება სახელმწიფო აუდიტმა შეაფასა.

„თავიდანვე სახელმწიფო აუდიტის დასკვნა იყო, რომ ეს ქონება 2 მილიონის იყო, თუმცა  ბუნებრივია მეტი გვინდოდა და ჩვენივე ინიციატივით მოუმატეთ ფასს, გვინდოდა უფრო ძვირად გაგვეყიდა, თუმცა უკვე ორჯერ არ გამოჩნდა ინვესტორი. ასევე, ამ შენობის შეფასების დროს გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, მას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, რაც ალბათ აფერხებთ ინვესტორებს“, - აღნიშნა წოწერიამ.

განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ გაიტანეს, რაც მერის მოადგილემ დეპუტატებს მიმართა. კონსტანტინე კაკავა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ შენობის ღირებულება იაფია, თუმცა აქვე ამბობს, რომ ამ საკითხის დაკონსერვება არ შეიძლება, რადგან სასტუმრო ქალაქის შუაგულშია და მას განვითარება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამ შენობაში უკვე წლებია დევნილები ცხოვრობენ.

საბოლოოდ, საკითხს თამაზ ფაცაციას გარდა, ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უახლოეს დღეებში მუნიციპალურ ქონებას გასაყიდად აუქციონზე უკვე მესამედ გაიტანენ.

ინფორმაციისთვის, "ოდიშის" შენობის (პირველი სართულის ნაწილი და მეორე-მესამე სართული) შეძენის მსურველმა აქ ისევ სასტუმრო უნდა მოაწყოს და 3 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თავდაპირველად, ქონება აუქციონზე 4 მილიონ ლარად იყიდებოდა, თუმცა ის ვერ გასხვისდა და მეორე გატანაზე 1.5 მილიონი ლარით გაიაფდა.




Print