ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებაზე 21 240 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე 180 ძაღლის ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით იზოლირება და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს.

ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ შერჩეულმა კანდიდატმა ძაღლები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დაამუშავოს. ასევე, უზრუნველყოს ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მათ ბუნებრივ არეალში დააბრუნებს.

გარდა ამისა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.

ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი საანესთეზიო საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, ერთი წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.

Print