რეგიონი
რიკოთის გვირაბში 3 დღით მოძრაობა ღამის საათებში აკრძალული იქნება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოების გამო, 9, 10 და 11 თებერვალს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაცია "ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაცია" - საქართველოს ფილიალს, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად, ესაჭიროება 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

"სამუშაოების წარმოების პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ორ ადგილას (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ბუქსირების საჭიროებისათვის) მორიგეობა", - ამბობენ უწყებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Print