ახალი ამბები
ე.წ. კომენდანტის საათის დროს ზუგდიდში აქცია გაიმართა
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ, ე.წ. კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, მათ მხარდამჭერს აშინებენ და დასდევენ, მაშინ, როდესაც, მათივე თქმით, ქვეყანაში კრიმინალი ჰყვავის და პოლიცია ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და როგორც ამბობენ, გაჩერებას არ აპირებენ. მათ სამხარეო ადმინისტრაციიდან "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. პარტიის ოფისის შენობის წინ, ასფალტზე სიმბოლურად ბადრი ესებუას გამოსახულებიანი სტიკერები დააკრეს იმის ნიშნად, რომ პოლიცია კრიმინალის წინააღმდეგ უძლურია.

"ჩვენ დღეს დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი, იმიტომ, რომ ეს კომენდანტის საათი მხოლოდ ერთი რამეა, სხვა არანაირი შინაარსი არა აქვს, ეს არის შემაკავებელი ხალხის, რომელიც უბრალოდ შიმშილობს და ვერ ეგუება უსამართლობას. ეს ადამიანები, როგორც კი იგრძნობენ იმას, რომ შეუძლიათ გადაადგილება, მომენტალურად დგება ხელისუფლება საფრთხის ქვეშ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ეს ფორმები იქნება რადიკალური. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს კანონის დაცვით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არღვევს ყველანაირ კანონს", - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი კვარაცხელიამ.

ისინი შენობაზე წარწერის - СССР გაკეთებას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
Print