ახალი ამბები
ასიდა შაკრილი: დრანდის ციხეში Covid-19 - ის შემთხვევები დაფიქსირდა
დრანდის ციხეში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სახალხო დამცველმა ასიდა შაკრილმა პატიმრებისგან მიიღო, წერს "ეხო კავკაზა". მისივე ცნობით, მსჯავრდებულების ნაწილში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად, სამედიცინო პერსონალისა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

მისივე განცხადებით, დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ისევე, როგორც თავისულფების აღკვეთის სხვა დაწესებულებებში კორონავირუსის აფეთქება დიდი რისკის შემცველია, გამომდინარე იქ არსებული სანიტარულ - ჰიგიენური პირობებიდან.

ასიდა შაკრილი დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმს ლუდმილა სკორიკს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღოს დრანდის ციხეში კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების კერების ლიკვიდაციისკენ მიმართული ზომები და "ორი დღის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ომბუდსმენის აპარატს".

Print