ახალი ამბები
ენგურის ხიდი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ორმხრივად გაიხსნა
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის დღეიდან ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მიმოსვლას მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები შეძლებენ. 

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული 12-დღიანი საკარანტინე ვადა 5 დღემდე შემცირდა.

"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის და მექანიზმის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება", - განაცხადა ახვლედიანმა.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთადერთი "გამშვები პუნქტი" პანდემიის გამო იყო ჩაკეტილი. ენგურის ხიდზე "ჰუმანიტარული კორიდორი" ცალმხრივად, აფხაზეთის მიმართულებით რამდენჯერმე გახსნეს.
Print