რეგიონი
რუხში საფეხბურთო აკადემია გიორგი გახარიამ გახსნა
ზუგდიდის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აკადემიაში 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას, სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემიაში ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სასადილო, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.

სფფ-ს პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თქმით, აკადემია ახალი სასწავლო წლიდან 40-მდე ფეხბურთელის მიღებას შეძლებს.

„აქვე ახლოს არის საჯარო სკოლა, სადაც აკადემიის ბავშვები ივლიან და განათლებას მიიღებენ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეს ბავშვები გამოვიდნენ განათლებული ფეხბურთელები. რაც მტავარია უნდა გაიზარდნონ ჯანმრთელები და განათლებულები. ეს არის ამ პროექტის მთავარი მიზანი“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის,
ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 000 000 ლარამდე დაიხარჯა. რუხის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს, შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად, მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

Print