ახალი ამბები
სოხუმი: სწავლა განახლდა უმცროს კლასებში და ამუშავდა საბავშვო ბაღები
დღეიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლების დაწყებით კლასებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი  განახლდა.

სოხუმის მრავალრიცხოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის გარკვეული გრაფიკი შემუშავდა. კლასების ნაწილი ორშაბათიდან ოთხშაბათის, ხოლო მეორე ნაწილი - ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით დაესწრება საკლასო ოთახში გაკვეთილებს, წერს "აბხაზია ინფორმი".

გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ, თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები.

კაფე - ბარები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები, სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში, შეძლებენ, სანიტარული ნორმების დაცვით.

კორონავირუსის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივებას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 თებერვალს მოაწერა ხელი. პანდემიის გამო, სოხუმმა დამატებითი შეზღუდვები 15 ოქტომბერს დააწესა და მას შემდეგ რამდენჯერმე გაახანგრძლივა.

აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით კორონავირუსი კიდევ 34 პირს დაუდგინდა. ამავე ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსის 12 059 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 192, გამოჯანმრთელდა - 11 628 ადამიანი.


Print