ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ესებუას საქმეზე სპეცოპერაციით კმაყოფილია
შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის დროს ჩატარებული სპეცოპერაციით კმაყოფილია. ამის შესახებ მან პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად ისაუბრა. ელისაშვილმა ძალოვანი მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, სად არის ახლა თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა.

"სად არის ბადრი ესებუა? საქართველოს ტერიტორიაზეა, თუ დატოვა საქართველოს ტერიტორია იმ ხურჯინით, რომელშიც ჩავუწყეთ 500 000 დოლარი. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ თქვენი მხრიდან გაცილებით მართებული და საპასუხისმგებლო იქნებოდა, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში თქვენი გვარი აღარ ყოფილიყო?", - ასე მიმართა ელისაშვილმა გომელაურს.

თავის მხრივ, გომელაური განმარტავს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად და მის "რაც შეიძლება სწრაფად დასაკავებლად" ოპერატიული სამსახური მუშაობს.

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია, ჩავარდნილი შეიძლება არის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული არ არის. თავად ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული, ე თავად მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა და კარგად ვიცი ეს საქმე. ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, გავლილი მაქვს 3 - თვიანი ანტიტერორისტული კურსები. საშიში იყო, რომ იქ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, როდესაც აქ ვზივარ ესებუას თემიდან გამომდინარე და კიდევ მინისტრი უნდა ვიყო. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი დაშავდა. თუმცა, დაკავებული რომ არ არის ეს მეორე საკითხია. ოპერატიული სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ", - აღნიშნა შს მინისტრობის კანდიდატმა.

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ცენტრალურ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სამართალდამცავები, ოთხი თვეა, ეძებენ.

ამავე თემაზე:

შს მინისტრი: ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია



Print