ახალი ამბები
ზუგდიდში დევნის ოპერაციისას პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები - ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით დღესვე დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება.

პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გუშინ, ზუგდიდში,"ოქროს ბირჟის" სავარაუდო დამყაჩაღებლის დევნის ოპერაციას ორმხრივი სროლა მოჰყვა. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე 25 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Print