ახალი ამბები
ანაკლიელი ბავშვები სააღმზრდელო პროცესის განახლებას ახალ შენობაში შეხვდნენ
სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა. შენობა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით. ახალ საბავშვო ბაღში განახლებულ სასწავლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

,,ისევე როგორც მთელ საქართველოში ჩვენს რეგიონშიც სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებმა დღეიდან სასწავლო პროცესი განაახლეს. ამ დღეს ახალ თანამედროვე საბავშვო ბაღში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. ჩვენ აქ გავხსენით 110 ბავშვზე გათვლილი ბაღი. რომელიც აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტს, ასევე აქვს მოწესრიგებული ეზო და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება ამბულატორიის შენობაში უწევდათ" - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 1.9 მილიონი ლარია.

Print