ახალი ამბები
სოხუმში ოპოზიცია ბჟანიას თანაშემწის ქართულ მხარესთან შესაძლო მოლაპარაკებებს აპროტესტებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ბენურ კვირაიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას აფხაზი ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მისი გადადგომა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, კვირაია 25 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა მოლაპარაკებების საწარმოებლად. "სახალხო კრების" შენობის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისმის მომიტინგეების შეძახილები, იმის შესახებ, რომ თუ ის საქართველოსთან თანამშრომლობის პოლიტიკის მომხრეა, მას მოუწევს საცხოვრებლად საქართველოში გადასვლა. ადგილზე სამართალდამცავებია მობილიზებული.

აფხაზური ოპოზიცია აპროტესტებს დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის ბენურ კვირაიას "საქართველოს რესპუბლიკაში ჩასვლას პირდაპირ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებისთვის".


"აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას დავალებით, "აფხაზეთის უშიშროების სამსახურთან" შეთანხმებით და ორი პირის თანხლებით, კვირაიას ვიზიტი 25 თებერვალს შედგა.

"სახალხო მოძრაობა" აპროტესტებს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოსაც, რომელზეც, მათი განცხადებით, ბენურ კვირაია სუფრასთან სვამს ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს და ქართველ ხალხთან საერთო ისტორიასა და ძმობაზე ლაპარაკობს მაშინ, როცა ეს მეგობარი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა და აფხაზების მტერია.

Print