ახალი ამბები
პრემიერი: ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მოავალში დაიწყებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მისივე თქმით, პროექტს ხელისუფლებისგან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა იმამურა აკირამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხს განიხილავს.

საქართველოს "ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, 2020 წლის 9 იანვარს საბოლოოდ გაწყვიტა.



Print