ახალი ამბები
შს მინისტრი ბადრი ესებუაზე: ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ძებნილ ბადრი ესებუას დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვას უპასუხა. „მოქალაქეების ლიდერმა“ მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა საერთოდ საქართველოს ტერიტორიაზე ბადრი ესებუა.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბანკის შენობა დატოვა, მის დაკავებას ეცადნენ.

“მესმის, რომ დასაკავებელია. იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ... აბა წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება. მას დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დავაკავებთ. მაგალითად, 3 კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობის დანაშაულზე ძებნილი, 12 წელი იყო ძებნაში, მოხდა შემთხვევა და დავაკავეთ. ..არ მიყვარს ტრაბახი და რომ ვიძახი სიტყვას, იმ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ.

ხვალ დავაკავებთ, ზეგ დავაკავებთ, ერთ საათში დავაკავებთ… არ ვიძახით ამას და არასდროს არ მითქვამს, რომ ესებუას ერთ თვეში დავაკავებთ. არ ვიცი, როდის დავაკავებთ. ვმუშაობთ მაქსიმალურად და ოპერატიულად რა დონეზე ვართ, მე მგონი სწორი არ იქნება, რომ ბატონ ესებუას მივაწოდო, ახლოს ვარ თუ შორს ვართ”, - განაცხადა გომელაურმა.

21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა. მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა. გამოძიების მტკიცებით, ბანკზე თავდასხმა სოფელ ალერტკარის მკვიდრმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ამავე თემაზე:

ძმები ესებუების საქმეების სასამართლო მოსმენები დაიწყო








Print