ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ორ დიაკვანს მღვდელმსახურება შეუჩერა
ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელსახურებაში მონაწილეობა დროებით აუკრძალა. მისი გადაწყვეტილებით, დიაკვნები პეტრე ღუდუშაური და კონსტანტინე გაბისონია დღეიდან ვერცერთ მღვდელმსახურებაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მიზეზი კი, როგორც ეპისკოპოსი ამბობს, მათი ურჩობაა, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სამღვდელმსახურო წირვაში მონაწილეობა არ მიიღეს. ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ მღვდელმსახურების უფლება იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ დანაშაულს მოინანიებენ.

თავის მხრივ, დიაკვნები რამდენიმე დღის წინ ეპისკოპოსისთვის გაგზავნილ მიმართვაში განმარტავენ, რომ ისინი ყოფილი მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საეკლესიო წესით გათვალისწინებულ ქმედებებს ელიან და ეკლესიაში არსებულ კრიზისში ეპარქიის ახალ მმართველსაც, როგორც წმინდა სინოდის წევრს, ადანაშაულებენ.

მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს, მან ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) შეცვალა. მანამდე კი ეპარქიას წლების განმავლობაში მეუფე პეტრე ცაავა უძღვებოდა, რომელიც სინოდმა 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა.


Print