ახალი ამბები
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რა თემაზე მსჯელობენ ისინი, თუმცა სავარაუდოდ საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხება, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალა. რეზიდენციის ეზოში მრევლი და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მონაზვნები არიან შეკრებილები.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტის გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, დიაკვნები პეტრე ღუდუშაური და კონსტანტინე გაბისონია ვერცერთ მღვდელმსახურებაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მიზეზი კი, როგორც ეპისკოპოსი ამბობს, მათი ურჩობაა, რადგან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ისინი წირვებში არ იღებდნენ მონაწილეობას. თავის მხრივ, დიაკვნები რამდენიმე დღის წინ ეპისკოპოსისთვის გაგზავნილ მიმართვაში განმარტავენ, რომ ისინი ყოფილი მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საეკლესიო წესით გათვალისწინებულ ქმედებებს ელიან და ეკლესიაში არსებულ კრიზისში ეპარქიის ახალ მმართველსაც, როგორც წმინდა სინოდის წევრს, ადანაშაულებენ.

მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე კვირაა ხელმძღვანელობს, მან ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) შეცვალა. მანამდე კი ეპარქიას წლების განმავლობაში მეუფე პეტრე ცაავა უძღვებოდა, რომელიც სინოდმა 2019 წლის ოქტომბერში გადააყენა.
Print