ახალი ამბები
მარტვილში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს
ჭყონდიდის ეპარქიაში აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს. ამავე ცნობით, კლინიკაში შეყვანილი კიდევ ერთი პაციენტი უკვე გაეწერა ბინაზე. 

"მარტვილიდან კატასტროფის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ კვლევები. კვლევების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი პაციენტებს, ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა, შესაბამისად სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური გოჯის მოტეხილობა. პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა ბინაზე", - თქვა მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ.

რაც შეეხება მარტვილში დაშავებულ მედიის სხვა წარმომადგენლებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც მრევლი მიტროპოლიტისა და სასულიერო პირების შეხვედრაზე შესვლას ცდილობდა, აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. მათ შორის ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
Print