ახალი ამბები
აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა" ასლან ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდებს
აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუა" დე ფაქტო პრეზიდენტს ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებს, რათა "შეჩერდეს სახელმწიფო გადატრიალების სერია". ვეტერანების დღეს გამართულ ყრილობაზე, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ თემურ გულიამ ბჟანიას მმართველობა გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოსთან "მრავალდონიანი მოლაპარაკებების" იდეა "ნაციონალური ინტერესების ღალატია".

"ნუთუ მართლა ძნელია იმის გაგება, რომ დღეს ჩვენთან ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და მოქალაქეობის საკითხი ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოსთან საბაჟო საზღვრების გახსნა იქნება ჩვენი ექსპანსიის და ჩვენი სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში პოლიტიკური საკითხი არ მოგვარებულა", - თქვა გულიამ.

ამასთან, "არუას" თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის აფხაზეთში ვიზიტისა და ხატის ილორის ტაძარში გადატანის საკითხს შეეხო. ის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

შეხვედრის ბოლოს გულიამ დე ფაქტო პარლამენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
Print