ახალი ამბები
POG: სენაკში მამაკაცმა დედის მოკვლა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ცადა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. საუბარია დანაშაულზე, რომელიც სენაკში 29 იანვარს მოხდა და რომელზეც გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ო.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 29 იანვარს, ქ.სენაკში ო.ბ.-მ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას, რ.თ.-ს, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად რ.თ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის “დ1” და “ვ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.

Print