ახალი ამბები
ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1-ელ აპრილს დაბრუნდებიან
ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულება მარტის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ რადიო „ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიამ  უთხრა. მისივე თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილს უნდა განახლდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე უკვე 1 წელზე მეტი ხანია იმყოფებიან. მანამდე, რამდენიმე თვე ბავშვები პირველ და მეორე საჯარო სკოლებში იყვნენ გადანაწილებულები, თუმცა იმის გამო, რომ პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო მოსწავლეები სრულად ონლაინ სწავლაზე გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, პროექტით გათვალისწინებულია საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია. მშენებლობის დასრულება 2020 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა აქ სამუშაოები დღესაც გრძელდება.
Print