ახალი ამბები
რუხის სკოლაში "თანასწორობის კუთხე" და ფოტოგამოფენა "გოგონები მომავლიდან" გაიხსნა
რუხის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით "თანასწორობის კუთხე" და ფოტოგამოფენა "გოგონები მომავლიდან" გაიხსნა.
ინიციატივა გულისხმობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების სამიზნე რეგიონებში, იმ სკოლების და ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას, სადაც წიგნების ფონდის განახლების განსაკუთრებული საჭიროება არსებობს.

ორგანიზაციის განმარტებით, წიგნები, რომელიც სკოლებს და ბიბლიოთეკებს გადაეცემა, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობის და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალური ღირებულებების შესახებ. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს რაც შეიძლება მეტი სივრცე, სადაც მოზარდები და ახალგაზრდები არაფორმალური განათლების მიღებას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას შეძლებენ.

"თანასწორობის კუთხის" გახსნას თან ახლავს თანამედროვე ქართველი ავტორების საჯარო ლექციები გენდერული თანასწორობის შესახებ. მისი გახსნა მიზნად მოზარდებისა და ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას ისახავს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ფოტოპროექტი "გოგონები მომავლიდან" ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ავტორობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივითაა შექმნილი.

ღონისძიებას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენელი მერიკო ქაჯაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.
Print