ახალი ამბები
5 დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ფახულანში აქცია გაიმართა
ფახულანში მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების მიდგომა დისკრიმინაციულია. მათი თქმით, არსებული შეზღუდვის გამო გალში მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეები სასკოლო განათლების გარეშე რჩებიან.

"რეალურად საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ახდენს ოკუპაციის ლეგიტიმაციას, როდესაც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის არ არის კარანტინი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის კი აქვთ დაწესებული. ალტერნატივად ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს პისიარ ტესტირება გადმოსული ადამიანების როგორც დანარჩენი მოქალაქეების შემთხვევაში", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთო შენგელიამ.

მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებას დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 


Print