ახალი ამბები
40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს პოპულაციის 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებში გაუშვეს. სააგენტოს ცნობით, ტერიტორაზე მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი "საზოგადოებრივი რეინჯერი" განახორციელებს.

"მონადირეთა საინიციატივო ჯგუფების მონიტორინგში ჩართულობა მნიშვნელოვანია უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციის ზრდა და ბუნებაში გაშვება ხდება", - ამბობენ სააგენტოში.

ხობის სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა 2020 წელს მოეწყო, რომელიც ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას მოიცავს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა.

Print