ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა „განხეთქილების მომწყობ“ სასულიერო პირებს და მრევლს ზიარება აუკრძალა
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ეპარქიაში „განხეთქილების მომწყობი სასულიერო პირებისა“ და ამბოხში მონაწილე მოქალაქეებს წინააღმდეგ ბრძოლას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა. ამასთან, მიტროპოლიტმა მათ ზიარება საკუთარი საქციელის მონანიებამდე აუკრძალა. მღვდელმთავარი წმინდა სინოდის წინაშე „ამბოხში მონაწილე სასულიერო პირების“ საკითხის დაყენებას და მათ მიმართ ზომების გატარებას გეგმავს.

„ალბათ ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს, რადგან მათ თავხედობას საზღვარი უკვე აღარ აქვს. ვერ დავუშვებ ეპარქიაში განხეთქილებას და ვაცხადებ საქვეყნოდ, ვიწყებ ბრძოლას განხეთქილების მომწყობთა წინააღმდეგ. პირველი რასაც გავაკეთებ, დღესვე თუ არ მოინანიებენ ის მონაზვნები და ბერები, რომლებიც მონაწილეობენ შეთქმულებაში და ის ერის ხალხი, რომელიც აყვნენ მათ, ეკრძალებათ ზიარება, სანამ არ მოინანიებენ“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც წმინდა სინოდმა ეპარქიის ყოფილი მმართველი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი ახალ მღვდელმთავარს უნდობლობას და პროტესტს უცხადებს.

Print