ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის ენგურჰესის მნიშვნელობა დიდია
მთელი გენერაციის 40% მოდის ენგურჰესზე, აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, ჰესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.

ღარიბაშვილის განმარტებით, ენგურჰესზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. აქ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდა მთელი ეს მხარე. ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად დასაქმებულია 1200 ადამიანი. დღეს, დამატებით, 650 კაცია დასაქმებული, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ, აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვარს გაჩერდა. აპრილის ბოლომდე 100-მდე სხვადასხვა სარემონტო სამუშაო ჩატარდება. გრაფიკით დამტკიცებული გეგმის მიხედვით კი, 1 მაისს ენგურჰესი უკვე უნდა მუშაობდეს ქსელში.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია სადერივაციო და სხვა გვირაბების რემონტი. ასევე, ბეტონის სადრენაჟო წყლების გამოყვანა, სამუშაოები ელექტროტექნიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე, შლამის ამოღება ენგურჰესის წყალსაცავიდან (კაშხლის მიმდებარე ტერიტორია). გარდა ამისა, მოწესრიგდება ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზები.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

Print