ახალი ამბები
საქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის 12 800 ლარის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება უკანონოდ ცნო და იუსტიციის სამინისტროს მისთვის ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ამის შესახებ ნოტარიუსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

„მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში", რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს - ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, - წერს ის.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა ფეისბუქ-პოსტების გამო გასულ წელს აუკრძალა. მანამდე, 19 ივნისს, მისი ინფორმაციით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. შენგელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.


Print