ახალი ამბები
ადგურ არძინბა ვლადიმირ პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟება
აფხაზი ოპოზიციონერი და დე ფაქტო რესპუბლკის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა, რუსი ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს აფხაზეთში იწვევს. ინფორმაციას გამოცემა "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

"ის, რაც ხდება საქართველოში ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შესახებ, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა კავკასიის ეს რესპუბლიკა თავისი კულტურისგან ჩვენთვის უცხო დასავლური ფასეულობებისკენ. სტუმართმოყვარეობა და თბილი მიღება - ტრადიციებია, რომლენიც კავკასიელებს სისხლში აქვთ, რაც ყოველთვის აქტუალური იქნება და ღრმა კულტურულ ღირებულებას შეიცავს. კავკასიელი თავის სახლში მოსისხლე მტერსაც კი არ შეეხება და ამაში დიდი სიბრძნეა. ამასთან, ჩვენმა აღმოსავლეთმა მეზობლებმა, თანდათანობით უარი თქვეს საკუთარ იდენტობაზე ათწლეულების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი "მთელი თავიანთი დიდებულებით", - ამბობს არძინბა.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი მზადაა პოზნერს "ნამდვილი კავკასიური კულტურა და სტუმართმოყვარეობა" უჩვენოს.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. 31 მარტს, საქართველოში მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს, წერს "რადიო თავისუფლება".
გასულ ღამით აქციები გაიმართა "ვინოტელთან", სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო "რუმსთან", სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული. შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, "ვინოტელი" 10 000 ლარით დააჯარიმეს.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისი დღეს დილით, ჩარტერული ავიარესით დატოვეს.


Print