ახალი ამბები
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მრევლთან ერთად პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა თანამოაზრე სასულიერო პირებთან და მრევლის ნაწილთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფება. ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს უთხრა, ისინი ილია მეორისგან კითხვაზე პასუხის გაცემას მოითხოვენ ეპარქიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ეპარქიის ყოფილი მმართველი ამბობს, რომ თუკი პატრიარქი დაადასტურებს, რომ მეუფე პეტრე უძღები შვილია, ის მზად არის, მოინანიოს. პატრიარქის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში კი შენდობის თხოვნას ილია მეორესგან მოითხოვს. 

“თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი მამასთან, ე.წ მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, გყავთ პირადი პატიმარი, არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ, მამამ გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა, უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი მე მზად ვარ მოვინანიო, მაგრამ თუ მე დავუდასტურებ რომ ის არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს”, - აღნიშნა მეუფემ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.



ფოტო: "რუსთავი 2"-ის ვიდეო


Print