რეგიონი
მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილო ნინო ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხა
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღოლი დედა სოსანა და მორჩილი ნინო ეპარქიიდან გარიცხა.

შესაბამისი ბრძანება სოციალურ ქსელში ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება:

ბრძანება #5

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

თავის მხრივ, დათხოვნილი სასულიერო პირები, რომლებიც თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მონასტერში არ შეუშვეს, ამბობენ, რომ “ცრუ” ეპისკოპოსის მორჩილებაში ყოფნას არ აპირებენ. წუხელ გვიან ღამით ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული. ღამე მონაზვნებმა ეპარქიის სხვა მონასტერში გაათენეს.
Print