ახალი ამბები
გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთის" მომსახურების სამმართველოს უფროსი სუს-მა დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთის" მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა "ფოთში" შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ერთეული ავტომანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, 2021 წლის 09 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგულებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


Print