ახალი ამბები
გალში "საზღვრის" დაცვის სკითხები განიხილეს - 3 ათასამდე გალელი დააკავეს ენგურის "უკანონოდ" კვეთის მცდელობისთვის
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო თათბირზე ადმინისტრაციული საზღვრის"დაცვის საკითხები და სასაზღვრო ზონაში არსებული მდგომარეობა" განიხილეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ, სასაზღვრო რაზმის უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა "აფსნიპრესს" უთხრა, რომ "საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობითვის 1 იანვრიდან 1 აპრილის ჩათვლით რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის 3 ათასამდე მცხოვრები დააკავეს". ამავე ცნობით, "რუსი და აფხაზი მესაზღვრეებს ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს იმისათვის, რომ ენგურის საკონტროლო გამშვებ პუქტზე ეფექტიანად გააკონტროლონ სატვირთო მანქანები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობენ".

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის 11 თებერვალს ორმხრივად გაიხსნა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ პირველ ეტაპზე მიმოსვლას მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები შეძლებენ. აფხაზურ მხარეს, ხიდის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული 12-დღიანი საკარანტინე ვადა 5 დღემდე შემცირდა.

ე.წ. გადასასვლელის გადაკვეთა, გასული წლის 16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ, გალის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებსაც შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეების ენგურის ხიდზე ტრანსპორტირებას, ორივე მიმართულებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.

მანამდე აფხაზურმა მხარემ პანდემიის მიზეზით 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტილ ენგურის ხიდზე ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, ცალმხრივად, აფხაზეთის მიმართულებით, რამდენჯერმე გახსნა.

Print