ახალი ამბები
ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების დღე აღნიშნეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების გაერთიანებისა და "ზაქარას კეთილი მანქანის" ინიციატივით მიუსაფარი ცხოველების დღე აღნიშნეს. სკეიტ-პარკში შეკრებილმა მოხალისეებმა ქუჩის ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლების აწყობასა და გაფერადებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ შეყილაძემ აღნიშნა, მზა საცხოვრისები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდება.ღონისძიებას "სამეგრელოს სკაუტების" წევრები და ხობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. "ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის" იდეის ავტორი ზაქარია დოლიძის ინფორმაციით, ზუგდიდამდე ის დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა და ამჯერად გურიისკენ მიემართება. ჯამში, რამდენიმე დღიანი კამპანიის ფარგლებში 15-მდე სახლი დამზადდება. 4 აპრილს მსოფლიოში მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
 აღნიშნულ ინიციატივას საქართველო 2009 წლიდან, "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ინიციატივით შეუერთდა.
Print