ახალი ამბები
სალხინოს მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სალხინოს მამათა მონასტერში, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტის კურთხევით მამა გრიგოლი (დარსალია) წირვის ჩასატარებლად მივიდა, სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მამა გრიგოლს მონასტერში ის მღვდელმსახურები დაუპირისპირდნენ, რომლებსაც ეპარქიის ახალმა მმართველმა გასულ კვირაში მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა. მათ მამა გრიგოლს წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

"ერთად გაზრდილები ვართ და ის (მამა გრიგოლი) რომ კადრულობს, არ ვიცი. ვუთხარით, რომ ხუთშაბათს არის რაღაც შეხვედრები დაგეგმილი, ეს თემა შესაძლოა განეიტრალდეს, ესენი რქებით გვაწვებიან. არა, გინდა თუ არა უნდა ვწიროო. მთხოვეს და ხუთშაბათამდე გავჩერდები, მართლა ზღვა ხალხი არის აღელვებული. თუ ასე მომაწვებიან, ერისკაცამდე ვერ დავეცემი, თორემ ყველანაირ ღონეს ვიხმარ, რომ მიზანს მივაღწიო - მაგას გავუშვებ აქედან. მიმართვა გვაქვს შეტანილი, სანამ გაირკვევა, ვიმსახურებთ, ვითხოვეთ ეს. ასე რომ მოიქცნენ, გადავწყვიტეთ არ დავემორჩილოთ, ახლა მე ვიწყებ ლოცვას. ღმერთმა შემინდოს, განერვიულებული ვარ, სინანული მაქვს ამის, მაგრამ დავიწყებ ლოცვას. ლოცვიდან როგორ გამომაგდებენ", - უთხრა ჟურნალისტებს მამა დანიელმა.

თავის მხრივ, მამა გრიგოლ (დარსალია), რომელიც აქამდე სტეფანწმინდაში მსახურობდა, ამბობს, რომ ლოცვა დღესაც და ხვალაც ჩატარდება.

"დამევალა, რადგან ჩვენ ერთად გავიზარდეთ. იმედი გვქონდა იმის, რომ, როგორც ძმები, რაღაცნაირად საერთო ენას გამოვნახავდით და სხვა რამე მიზანი, რომ გაყარონ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დღეს რაც ვნახე ესეთი გარჩევა... დღეს ლოცვა ჩატარდება, ხვალ დილით 9 საათზე იქნება წირვა", - თქვა იღუმენმა.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა არქიმანდრიტი ათენოგენი (მდივანი) მღვდლობიდან განკვეთა, ხოლო იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიანს (მესხაძე), მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და დიაკონი ანანიას (კალანდია) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.


Print