ახალი ამბები
სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მდინარე ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა.

წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხი "უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში" განიხილავენ და ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.


Print