ახალი ამბები
დე ფაქტო უშიშროება არ გამორიცხავს, რომ მდინარე ენგურზე გადასვლას ადამიანები სავალდებულო კარანტინის გამო ცდილობენ
ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსს რუსტამ ლატიპოვს გამოცემა "აფსნიპრესი" ესაუბრა. მისი ინფორმაციით, 6 აპრილს, დილის 05:00 საათზე გალის ოთხმა მცხოვრებმა გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გალის რაიონის სოფელ თაგილონთან გადაწყვიტა მდინარე ენგურის გადალახვა.

ლატიპოვი ყვება, რომ მათ მდინარის სანაპიროს შორიახლოს დატოვეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მცხოვრებისგან გაიგეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის უშიშროების ძალები იმ დროისთვის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, დაიწყეს მდინარე ენგურზე გადასვლა. ლატიპოვი ვარაუდობს, რომ მათ ვერ შეაფასეს წყლის დონე და დინებას ვერ გაუმკლავდნენ, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მონაცემებით, დილის 03:00 საათზე ენგურჰესიდან წყალი იყო გაშვებული, რაც მდინარეში წყლის დონის მომატების მიზეზი გახდა.

რუსტამ ლატიპოვი არ გამორიცხავს, რომ სასაზღვრო რეჟიმის მასობრივი დარღვევების და გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, მდინარე ენგურზე გადასვლის მცდელობის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ ადამიანებს 5-დღიან სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

"გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვარი დაკეტილია, როდესაც გალის რაიონის მცხოვრებლებს საპატიო მიზეზებით აუცილებლად სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლა, ჩვენ ვუშვებთ მათ ენგურის გამშვები პუნქტიდან, მაგრამ მათ იქ უწევთ კარანტინის გავლა", - ამბობს ლატიპოვი.

მან აღნიშნა, რომ "საქართველოში გამოხატავენ პროტესტს და მოითხოვენ კარანტინის გაუქმებას". მისი თქმით, "აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიეპყროთ იმისკენ, რომ კარანტინის გავლის ვალდებულება ართულებს მოქალაქეების გადაადგილებას საზღვრის გავლით".

დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ოთხი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

Print