რეგიონი
"ენგური საზღვარი არ არის" - აქცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული კარანტინი გააპროტესტეს. მათი თქმით, ხელისუფლების მიდგომა აფხაზეთში მყოფი მოქალაქეების ისედაც დამძიმებულ ყოფას კიდევ უფრო ართულებს და მათ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება რისკის ფასად უწევთ.

მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით "ენგური საზღვარი არ არის", "ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად", "სანამ აფხაზეთში თუნდაც ერთი ქართველის გული ფეთქავს, აფხაზეთი საქართველოა" და ა.შ.


"ვითხოვთ მთავრობისგან გაგვიუქმონ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენივე ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვები - კარანტინი. თითქოს სიმბოლურია დღეს აქ რომ ვდგავართ, 9 აპრილს, ისევ ახალგაზრდები და ისევ ვითხოვთ რაღაცას, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვითხოვთ დამოუკიდებლობას, ვითხოვთ შეგვამჩნიონ, ჩვენ ვარსებობთ და არ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს დაწესებული კარანტინი, აფხაზეთი საქართველოა, ენგური საზღვარი არ არის, ეს არის ჩვენი ძირითადი გზავნილები. აფხაზეთი არის ჩემი, შენი, ჩვენი, შესაბამისად ჩვენს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად არ უნდა გვჭირდებოდეს კარანტინი", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქცია სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც მდინარე ენგურის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადმოლახვისას გალში მცხოვრები 4 მოქალაქე დაიღუპა.
Print